
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ხმაურიანი გარიგებები მაინცდამაინც ხშირი არაა. იანვრის ტრანსფერები დიდწილად ფეხბურთელთა კონტრაქტებზეა დამოკიდებული, თუკი ზაფხულში ხელშეკრულებას ვადა ეწურება, კლუბის ინტერესებშია, რომ მოთამაშე გაასხვისოს და მასში გარკვეული თანხა აიღოს.
ისე, როგორც ყოველთვის, წლევანდელ ზაფხულსაც რამდენიმე უმაღლესი დონის ოსტატს კლუბთან ხელშეკრულება უსრულდება. Crystalsport-ი გთავაზობთ იმ 15 ვარსკვლავს, რომელიც ივნისში თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სატრანსფერო ფასები მოცემულია გავლენიანი გამოცემის, transfermarkt-ის მიხედვით, თუმცა კონტრაქტების მოკლე პერიოდის გამო, პოტენციური გარიგებები, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებ ფასში შედგება, ან ზაფხულში სრულიად უფასოდ გაფორმდება.
დანიელ სტარიჯი – 29 წლის – „ლივერპული“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 15 მილიონი ევრო
გასულ სეზონში „ვესტ ბრომვიჩში“ გატარებული წარუმატებელი საიჯარო პერიოდის შემდეგ, დანიელ სტარიჯმა „ლივერპულში“ დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. სტარიჯი იურგენ კლოპის სათამაშო სქემაში არასდროს ჯდებოდა. მან ეს იცოდა, თუმცა გუნდში რიგითი ფეხბურთელის რანგში თამაშზე უარი მაინც არ თქვა.
29 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, მათ შორის – „ჩელსისთან“ და „პსჟ“-სთან, თუმცა ამან მისი სტატუსი არ შეცვალა, გამოცდილ ფორვარდს კი 2019-2020 წლების სეზონში მეტი სათამაშო დრო სურს.
ლივერპულელებს სტარიჯის იანვარში გაშვება არ სურთ, რადგან 1990 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის პირველ ტიტულს უმიზნებენ. მეორე მხრივ, თუკი ზამთარში ყველაფერი მათი სურვილისამებრ წავიდა, ზაფხულში ფეხბურთელის საერთოდ უფასოდ დათმობა მოუწევთ.

აარონ რემზი – 28 წლის – „არსენალი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 40 მილიონი ევრო
„არსენალსა“ და რემზის შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში ოქტომბერშივე შევიდა, რამაც უელსელს კლუბის ზაფხულში უფასოდ დატოვების პერსპექტივა შეუქმნა.
ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ იცის, კლუბმა მასთან მოლაპარაკებები დროზე ადრე რატომ შეწყვიტა, პრესა კი ამის მიზეზად მაღალ ხელფასს ასახელებდა.
რემზის სამსახურით ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება, რომელიც ფეხბურთელთან აქტიურ კომუნიკაციაში ჩართული და დიდი შანსია, შეთანხმებასაც მიაღწიოს. ბოლოდროინდელი ცნობებით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და საუბარი ისევ ხელფასზეა.
„ბებერი ქალბატონის“ გარდა, რემზის საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“, „ჩელსისა“ და „პსჟ“-საც სურთ. აარონ რემზი „არსენალის“ შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხება.

ადრიენ რაბიო – 23 წლის – „პსჟ“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 50 მილიონი ევრო
რაბიომ საკმაოდ რთული 2018 წელი გადაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, „პსჟ“-სთან კი დამოკიდებულება გაუფუჭდა და საქმეები აერია.
იმის გამო, რომ შეთანხმება არ მოხერხდა, კლუბმა ფეხბურთელი დასაჯა და სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შუახაზელი მოედანზე იქამდე ვერ გავიდოდა, სანამ მისი მომავალი არ გაირკვეოდა.
რაბიოს მსურველები არ აკლია, ასეთი კი „ბარსელონა“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსია“. კულუარული ცნობებით, თავად ტანმაღალ ნახევარმცველს „ბარსაში“ თამაში უნდა და ეს საკითხი დღემდე აქტიურად განიხილება.

ანდრერ ერერა – 29 წლის – „მანჩესტერ იუნაიტედი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 28 მილიონი ევრო
ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის“ ძირითადში მოსახვედრად იბრძვის და ხშირად ათამაშებენ კიდეც. ერერა „წითელ ეშმაკთა“ ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა მისი აქაური მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
დეკემბრის ბოლოს ვრცელდებოდა ხმები, რომ პირენეელი შუახაზელი და „მანჩესტერი“ შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ აქამდე არაფერი გადაწყვეტილა.
ბილბაოში დაბადებულ და იქაურ „ატლეტიკში“ 3 წლით ნათამაშებ ერერას „წითელი ეშმაკების“ ბოსებთან ცუდი დამოკიდებულება არ აქვს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მისი კარიერა კვლავ „ოლდ ტრაფორდზე“ გაგრძელდეს.
თუმცა, ეს დაინტერესებული კლუბების არ არსებობას არ ნიშნავს, მათ აქტიურობა მართებთ და ვინ იცის, ფეხბურთელს „ნისლიანი ალბიონიდან“ აბარგებაც გადააწყვეტინონ.

ვენსან კომპანი – 32 წლის – „მანჩესტერ სიტი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 10 მილიონი ევრო
ტრავმათა სერიამ და ასაკის მატებამ, ვენსან კომპანის „სიტის“ ძირითადი შემადგენლობისკენ ნელ-ნელა გზა გადაუღობა. გუარდიოლას გუნდში იგი გარანტირებულ სასტარტოში დამწყებად აღარ ითვლება, არადა „ქალაქელთა“ კაპიტანია.
კომპანიმ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, შესაძლო 3420 წუთიდან, მოედანზე მხოლოდ 1397 გაატარა, წელს კი მინდორზე 9-ჯერ გავიდა. ბელგიელი აპრილში 33 წლის ხდება და უკვე ვეტერანის სტატუსიც მიეკერება.
გუნდში 2008 წელს გადასული მცველი, „სიტის“ გასახდელში დღემდე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება, თუმცა კლუბის გადასაწყვეტია, რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კომპანის ახალი, 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

დავიდ ლუიზი – 31 წლის – „ჩელსი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 25 მილიონი ევრო
ბრაზილიელი მცველი „ჩელსიში“ მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსით დაბრუნდა და დღემდე ძირითადის ფეხბურთელად ითვლება, თუმცა, შესაძლოა, მისი და კლუბის გზები 6 თვეში გაიყაროს.
„ლურჯების“ პოლიტიკის თანახმად, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს, 1 წელზე მეტი ვადის კონტრაქტს არ სთავაზობენ. რამდენად აკმაყოფილებს ლუიზს ეს პირობა, დრო გვიჩვენებს, იგი აპრილში 32 წლის ხდება.
არაა გამორიცხული, რომ გამოცდილი უკანახაზელი ამ მხრივ გამონაკლისი გახდეს, რადგან იგი სარის ფორმაციის გუნდში უაღრესად საჭირო ფეხბურთელად იქცა. ლუიზმა მიმდინარე პრემიერ ლიგის 23-დან 22 მატჩი სრულად ითამაშა.