მიმოხილვები

ევროპის საფეხბურთო საკლუბო ტურნირის,,ჩემპიონთა ლიგის” მორიგი ტური უკვე გაიმართა. წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან სარეკორდოდ ბევრი გუნდი იღებს მონაწილეობას. რუსეთისა და უკრაინის გუნდებს მიჩვეული ვართ, კიევის “დინამო”, “შახტარი” არაერთგზის მონაწილეობდნენ ამ გათამაშებაში ისევე, როგორც რუსეთის “ცსკა” და “ზენიტი”, დებიუტანტად ბელორუსიის,,ბატეც” აღარ ითვლება. ყაზახეთის,,ასტანას” თამაში ელიტაში ნამდვილად უდიდესი მოულოდნელობა გახლდათ. გუნდებმა ჯგუფებში 3 თამაში ითამაშეს, გამოიკვეთნენ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც.

  ესპანელები წელს 5 გუნდით ასპარეზობენ. “რეალის”, “ბარსელონას” და მადრიდის,,ატლეტიკოს” ჯგუფიდან გასვლის შანსები თითქმის გადაწყვეტილია. რაც შეეხება “ვალენსიასა” და “სევილიას”, მათ დიდი ბრძოლა მოუწევთ წარმატების მისაღწევად, განსაკუთრებით კი “სევილიას”.

  ინგლისის კლუბების გამოსვლა კარგ შთაბეჭდილებას ჯერჯერობით ვერ ტოვებს. ყველა გუნდს სერიოზული პრობლემები გააჩნია, მათ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად დიდი ბრძოლა მოუწევთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ლონდონის “არსენალი”. მიუხედავად ბოლო თამაშის — “ბაიერნთან” — მოგებისა, მათი შანსები ძალზე მცირეა, პრობლემები აქვთ “ჩელსის” და ორივე მანჩესტერულ გუნდს “სიტის” და “იუნაიტედს”.

 გერმანული გუნდებიდან მიუხენის “ბაიერნმა” მეორე ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა. ბოლო ტურში “არსენალთან” წაგების მიუხედავად, მათი პოზიციები ძალზე მყარია, კარგი შანსი აქვთ “ვოლფსბურგს” და ლევერკუზენის “ბაიერნს”. მიუნხენგლადბახის “ბორუსიამ” სტარტზე იმდენი ქულები გაანიავა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალზე გაუჭირდება. დამაჯერებლად ასპარეზობენ  ტურინის “იუვენტუსი” და ფრანგული “პსჟ”. 

 სხვა გუნდებიდან ალბათ “პორტუ” და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” უნდა გამოვყოთ. დანარჩენ გუნდებზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია.  გუნდები არ ახდენენ თავიანთი თამაშის ფორსირებას, მოგეხსენებათ, დასკვნითი ეტაპი გაზაფხულზე იწყება და ფავორიტი გუნდები სწორედ ამ პერიოდისთვის ცდილობენ კარგ ფორმაში ყოფნას. 

 ანალოგიური სიტუაციაა ევროპის რანგით მეორე ტურნირზე —,,ევროპის ლიგაზე”. მით უფრო, რომ სახელოვანი გუნდები მაინცდამაინც თავს არ იკლავენ ევროპის ლიგის თამაშებში და ხშირად სათადარიგო ან შერეული შემადგენლობითაც მონაწილეობენ, ფავორიტები  ამ გათამაშებაშიც ცნობილი ესპანური, გერმანული და იტალიური გრანდები არიან. რაც შეეხება  ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს, აქ გორის “დილა” ლიდერობს და ზოგადად ჩემპიონატი, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავ უღიმღამოდ მიმდინარეობს.

 ნაკრების მწვრთნელმა კახი ცხადაძემ მოიწვია პრესკომფერენცია, სადაც განაცხადა, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის იგი გულმოდგინედ მოემზადება, იბრძოლებს წარმატებისთვის და ამის საპასუხოდ ნაკრების ფეხბურთელებისათვის ფინანსური დაინტერესება მოითხოვა. იმედია, ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა ამ საკითხზე  შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენი ნაკრები შესარჩევი ბარიერის წარმატებით გადალახვას შეძლებს და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გაახარებს.